Rompetrol
Presa
„რომპეტროლის“ ლოიალობის ბარათის მფლობელები 4 თვის განმავლობაში 20-თეთრიანი ფასდაკლებით ისარგებლებენ

„რომპეტროლის“ მომხმარებლებს ბენზინგასამართ სადგურებზე ფასდაკლების ბარათის გამოყენება ისევ შეუძლიათ. კომპანიის განცხადებით, ლოიალობის პროგრამის აღდგენის პროცესი დაიწყო და აღნიშნულ სერვისზე წვდომა ერთგულ მომხმარებლებს 1-ელი მაისიდან აღუდგათ. აღსანიშნავია, რომ ფასდაკლების ოდენობა ნებისმიერი ტიპის თითოეულ ლიტრ საწვავზე - სტანდარტული 8, 12 და 15 თეთრის ნაცვლად (კლასიკის, პრემიუმისა და გოლდ ტიპის ბარათის მფლობელებისთვის) - ამიერიდან 20 თეთრს შეადგენს. ეს ტარიფი 4 თვის განმავლობაში შენარჩუნდება.

„ძვირფასო მომხმარებლებო, დაგიბრუნდით სასიხარულო ინფორმაციით - დაიწყო ლოიალობის პროგრამის ეტაპობრივი აღდგენის პროცესი და 1-ელი მაისიდან ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს კვლავ შეგიძლიათ „რომპეტროლ ქარდით“ სარგებლობა. მადლობას გიხდით თანადგომისა და ერთგულებისთვის!“ - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ასევე აღდგენილია ვებგვერდს Card.rompetrol.ge-ს ფუნქციონალი, სადაც რეგისტრაცია ახალმა მომხმარებლებმა უკვე დაიწყეს. როგორც „რომპეტროლ საქართველოში“ განმარტავენ, უახლოეს დღეებში აღდგება მობილური აპლიკაციისა და კორპორატიული ვებგვერდის ფუნქციონალიც.

შეგახსენებთ, რომ 6 მარტს „რომპეტროლის“ სათავო ოფისის სერვერებზე განხორციელებული კიბერთავდასხმის გამო, კომპანიის მომხმარებლებს გარკვეული დროის განმავლობაში შეზღუდული ჰქონდათ წვდომა სხვადასხვა სერვისზე, რომელთა აღსადგენადაც კომპანია ინტენსიურად მუშაობდა. შეფერხებების აღმოფხვრა ეტაპობრივად მოხდა. ტექნიკური სამუშაოები ჯერ ისევ მიმდინარეობს, თუმცა მომსახურებათა უმეტესობა უკვე აღდგენილია.

რუმინული პრესისა და კიბერუსაფრთხოების ონლაინ პორტალების ცნობით, თავდასხმის უკან კიბერდანაშაულებრივი ჯგუფი Hive იდგა, რომლის კომპლექსურმა შეტევებმა რუმინული კომპანიის ვებგვერდებსა და სერვისებს პრობლემა შეუქმნა. სათავო ოფისის სერვერებზე მომხდარმა ინციდენტმა „რომპეტროლის“ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლობებიც დააზარალა, მათ შორის, „რომპეტროლ საქართველო“, რომელიც დიდწილად ბუქარესტის სათავო ოფისში განთავსებულ ტექნიკურ ინფრასტრუქტურაზეა დამოკიდებული.